ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა

26/04/2022

მიმდინარე კვირაში პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრის არჩევის საკითხს.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის საკითხს, კენჭისყრა საპარლამენტო ოპოზიციის თხოვნის საფუძველზე გადაიდო.

„ფრაქციის წევრების მობილიზება და ოპოზიციის წევრებთან კონსულტაციები გვინდა გავმართოთ. ჩვენ არაერთხელ გვქონია პრაქტიკა, როდესაც პერსონალურ საკითხებზე კენჭისყრები გადაგვიდია“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ბეჟაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურის ინიცირებასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, მიმდინარე კვირის სესიის დღის წესრიგში, ძირითადად, მესამე მოსმენით განსახილველი საკითხებია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0