წელს ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა“ განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო. დღესასწაულს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარ სცენაზე გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, ხოლო მემთეურებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივებს მიულოცა შუამთობის დღესასწაული და მთის ამ ტრადიციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მაღალმთიანი აჭარის განვითარება ეს არის ქვეყნის ძლიერებისა და წარმატების საწინდარი. ზურაბ პატარაძემ სახელმწიფოს მხრიდან მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, მათ შორის მთის კანონის შესახებ, ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროექტზე, ასევე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების შესახებ. „წინასაარჩევნოდ ჩვენ ვსაუბრობდით მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების შესახებ, დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ პროექტის პირველი ეტაპი ბათუმიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე უკვე შესყიდულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება. მინდა მოგილოცოთ ამ ისტორიული პროექტის დაწყება. ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის განვითარებისთვის მუშაობას. ხვალ კურორტ „გოდერძზე“ ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. მოხდება ასევე მიმდინარე პროექტების რეინვესტირება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა“- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მისალმებისა და დღესასწაულის მილოცვის შემდეგ სტუმრები საგანგებოდ მომზადებულ კონცერტსა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას დაესწრნენ. სახალხო დღესასწაულზე გამოვლინდნენ ასევე „საპატიო ხულოელები“, რომლებიც რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს. ქვეყნისა და რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა, ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, ხულოს სხვადასხვა თემის წარმომადგენელთა მიერ დამზადებული ტრადიციული კერძები დააგემოვნეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. ტრადიციულად, ბეშუმობის დღესასწაულზე გაიმართა დოღი და გამოვლინდა ფალავანი. ასევე, გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში. შუამთობის ერთ-ერთ მთავარი ტრადიციის შესაბამისად, ახლად დაქორწინებულ წყვილებს დაოჯახება მიულოცა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი ანსამბლები.
ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა
06/08/2017