ბესიკ ამირანაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

15/05/2019

მხარის რწმუნებულმა, მოადგილესთან, მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა მელიქიძესთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა. საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ ურაველში. აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის 4,8 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ მონასტრამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, პირველად ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ადგილი ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ტურისტების, მომლოცველებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მონასტერთან დაკავშირება კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.
მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ასევე დაათვალიერეს სოფელ ხეოთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, სადაც ამ დროისთვის გრუნტის საფარის მომზადება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი გზის 2500- მეტრიან მონაკვეთზე დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხი. სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 6 მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0