საბერძნეთის, ლიტვის, ბელორუსის, რუმინეთისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცეს და ქართველ კოლეგას წარმატებული საქმიანობა უსურვეს. მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა აღუთქვეს.
“საბერძნეთის მთავრობა და პირადად მე იმედის თვალით შევყურებთ ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ გამოწვევებით აღსავსე დროს ჩვენ შევძლებთ ჩვენი ისტორიული, საუკუნოვანი და მეგობრული ურთიერთობებისთვის ახალი ბიძგის მიცემას, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპარისის მისალოც წერილში.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს ლიტვის პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბუტკევიჩუსი და აცხადებს, რომ ლიტვა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ადგილის დამკვიდრებაში.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიღწეულ პროგრესს უსვამს ხაზს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი დაჩიან ჩოლოში. რუმინელი ლიდერის თქმით, საქართველომ ბევრს მიაღწია. იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მალე მიეცემათ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.
“რუმინეთი არის თქვენი ქვეყნის მეგობარი და მხარდამჭერი ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების მიღწევაში. ეს კი ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს”, -აღნიშნულია მილოცვაში.
სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე ამახვილებს ყურადღებას ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი. მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს.
ბელორუსსა და საქართველოს შორის როგორც ორმხრივი, ისე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს ბელორუსის პრემიერ-მინისტრი ანდრეი კობიაკოვი ქართველი კოლეგისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.