თბილისში ბელარუსის ეროვნული გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე, გოჩა ცოფურაშვილი და სამინსიტროს სისტემაში შემავალი უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
გამოფენა წლის განმავლობაში ბელარუსის რესპუბლიკის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბურია. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია ბელარუსში წარმოებული პროდუქციის სრული სპექტრი.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტარდება.
გამოფენა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი დაესწრნენ.
გამოფენაში ბელარუსის რესპუბლიკის 140-მდე წამყვანი საწარმო და კომპანია მონაწილეობს. მათ შორის მანქანათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და ნავთობ-ქიმიური მრეწველობის მიმართულების, ასევე ხისა და სამშენებლო მასალების წარმოების, ჯანდაცვის, სპორტის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კომპანიები. გამოფენაზე წარმოდგენილია სამეცნიერო მიღწევები და საგანმანათლებლო სერვისები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამომხმარებლო საქონელი და სხვ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია და საქართველოსა და ბელარუსის ერთობლივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერეს.
ბელარუსის ნაციონალური გამოფენა 1-4 სექტემბერს საგამოფენო ცენტრის „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში იმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ფორუმი, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაახლოებას და საქართველოს-ბელარუსს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
საქართველოში ბელარუსის ეროვნული გამოფენის ჩატარების ორგანიზების პროცესში ჩართული იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.
ბელარუსის ეროვნული გამოფენა თბილისში მოეწყო
01/09/2016