ბევრ ფორუმში მონაწილეობა მიმიღია, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა

13/09/2016

„მერწმუნეთ, ბევრ მსგავს ფორუმში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ამ პირველად ჩატარებულ ღონისძიებაში დავინახე ისეთი საქმის ცოდნა, მონდომება და სწრაფვა, რაც გაცილებით გამოცდილი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი“, – ასეთი შეფასება მისცა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა ბათუმში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ფორუმს. როგორც მან თავის გამოსვლაში განაცხადა, გაოცდა, როდესაც შეიტყო, რომ ასეთი მაღალი რანგის საზღვაო ფორუმი საქართველომ პირველად ჩაატარა. „ფორუმის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა“, – აღნიშნა კიტალ ლიმმა და დასძინა, რომ დაუჯერებელიც კი იყო, რომ ასე კარგად ორგანიზებული ფორუმი იყო პირველი.

„მე მჯერა, რომ ბათუმის ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება საერთაშორისო საზღვაო საქმიანობის კონტექსტში და საქართველოს მთავრობა ამ შესაძლებლობას კარგად გამოიყენებს საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის პრომოციის მიმართულებით. მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს საქართველოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) შორის ურთიერთობების გამყარებასა და კიდევ უფრო განვითარებას“, – განაცხადა კიტაკ ლიმმა.

მისი თქმით, ბათუმის ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო მსგავს ღონისძიებებს შორის. „ეს იყო იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მოველოდი“, – აღნიშნა კიტაკ ლიმმა და მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორ საქართველოს მთავრობას გაწეული საქმიანობისთვის. მისი თქმით, ეს ინიციატივა იყო დროული რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მისი შეფასებით, ყოველივე ეს საქართველოს დაეხმარება, ჩამოყალიბდეს წარმატებულ საზღვაო სახელმწიფოდ. კიტაკ ლიმის განცხადებით, სწორია საქართველოს მთავრობის ხედვა ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობათა თანაბარი განვითარების შესახებ და იგი ხელს უწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას ჭეშმარიტად სატრანზიტო და ლოგისტიკურ ცენტრად.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ბათუმის ფორუმი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად რეგიონის ქვეყნებისთვისაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0