ბაკურიანში პრაქტიკულად დასრულებულია მსოფლიო ჩემპიონატის სრულფასოვნად მასპინძლობისთვის საჭირო მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები

27/12/2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ბაკურიანში, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრის მოადგილემ დიდველსა და მიტარბიზე მოწყობილი ტბის ორი ხელოვნური რეზერვუარი და გათოვლიანების სისტემები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ტბის ხელოვნურ რეზერვუარებს ჯამურად 300 მლნ ლიტრი წყლის მარაგი ექნება და გათოვლიანების სისტემას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ.

„ბაკურიანში პრაქტიკულად დასრულებულია მსოფლიო ჩემპიონატის სრულფასოვნად მასპინძლობისთვის საჭირო მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ხელოვნური რეზერვუარების მოწყობასა და 29-კილომეტრიანი გათოვლიანების სისტემის მონტაჟს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარების წყლით შევსების პროცესი. აღნიშნული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ხელს შეგვიწყობს, რომ საქართველომ ღირსელად უმასპინძლოს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში. ამავდროულად, აღნიშნული ინფრასტრუქტურა გააძლიერებს კურორტ ბაკურიანს, გაახანგრძლივებს ზამთრის ტურისტულ სეზონს და გაზრდის ვიზიტორთა გამტარუნარიანობას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლაინების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა დაახლოებით 300 მლნ ლარის ინვესტიცია. თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 2023 წელს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0