ზამთრის სეზონზე ბაკურიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დამატებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“ბაკურიანში ჩვენ გვყავს ორი კონტრაქტორი, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქციური დავალება აქვს. ეს არის ჭაბურღილების დამატება – დაახლოებით 5 ჭაბურღილს ვამატებთ, ხოლო მეორე კონტრაქტორი ძველი სათავე ნაგებობების რეაბილიტაციასა და ახლის მშენებლობას ახორციელებს. ასევე, ზემოთ მდებარე ხევებიდან ამ სათავე ნაგებობაში იკრიბება წყალი, რომელიც აქამდე იკარგებოდა. სამუშაოებს დაახლოებით ოქტომბერში დავასრულებთ, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დღეს არსებული დებიტი, რაც გვაქვს ბაკურიანში, იმის გათვალისწინებით, რომ აქ მიმდინარეობს აქტიური განაშენიანება და გათოვლიანების დამატებითი სისტემები მონტაჟდება, ეს პროექტები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სრულად უზრუნველვყოთ კურორტის მოთხოვნები. ანალოგიური სამუშაოები გვაქვს გუდაურში, სადაც ორი კონტრაქტორი გვყავს და იქაც ვამატებთ ჭაბურღილებს. ასევე, ხორციელდება ძველი სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, დამატებით გვაქვს ხელოვნური ტბა და ჯამში ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გუდაურში სასტუმროები და ასევე, ხელოვნური გათოვლიანება სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყალმომარაგებით. საკურორტო ზონებში სწრაფად იზრდება განაშენიანება, ემატება სასტუმროები, კომერციული ობიექტები, იზრდება დამსვენებელთა რაოდენობა, რაც მოითხოვს უფრო მეტი წყლის მოხმარებას. შესაბამისად, საჭიროა დღეს არსებული წყლის სისტემა უფრო მეტად გამართული იყოს და მეტი რესურსი ჰქონდეს, რომ ამ მზარდ მოთხოვნას გაუძლოს”- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა ბაკურიანში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
ამ დროისთვის, ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება, თუმცა, მშრალმა კლიმატმა, ინფრასტრუქტურული ობიექტების, დამსვენებლებისა და ტურისტების მკვეთრმა ზრდამ გასული ზამთრის სეზონზე წყლის დებიტის სიმცირე გამოიწვია და კურორტს წყალმომარაგების მიწოდება შეუზღუდა. სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, წყალმომარაგება–წყალარინების 5 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს: აბასთუმნის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (II ეტაპი) და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, კურორტ აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობა. ქალაქ ვალეს და დაბა ადიგენის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება – 23,018,818 ლარია.