ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უფრო ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობა: ახალი გზები და საშუალებები – გამოცდილების გაზიარება“ დაიწყო. ღონისძიება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის – „ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ბაზის გაძლიერება“ – ფარგლებში ევროსაბჭოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანაორგანიზებით ტარდება. კონფერენცია მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისათვის, მუნიციპალიტეტებს შორის დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვას. კონფერენციაზე მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის მიმართულებებიც განიხილეს. შეხვედრა საქართველოს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია თვითმმართველობების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გაიმართა
07/07/2016