ბათუმობის პირველი დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

02/09/2017

ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით სასტუმრო კომპლექს პალმ აპარტმენტში ბათუმსა და პოლონეთის ქალაქ ნისას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. მოგვიანებით, რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელობა, ქალაქის სტუმრები და საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც მემედ აბაშიძის გამზირზე მოეწყო მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით. ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა და ლენტის გაჭრის ცერემონიალი მემედ აბაშიძის გამზირზე, ღონისძიების თაღთან გაიმართა, სადაც ანიმატორებმა წარმოდგენა გამართეს. ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა – გაყიდვა და ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ მოწყობილი „მწვანე კუთხე“, ფოტო სტენდები და მოცულობითი ასოებით აწყობილი ბათუმის ინსტალაცია, სარკის, თანამედროვე STREET ART-ისა და ვეშაპის ინსტალაციები. ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლების მიზნით გაიმართება ფოტოგამოფენა და პერფორმანსი ძველი ბათუმის თემაზე, ასევე, თოჯინების თეატრის წარმოდგენები. ევროპის მოედნის მიმდებარედ განლაგებულია სახალისო ფოტოსტენდები, საბავშვო საქანელები. მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება საბავშვო გასართობი აქტივობები, ასევე მოეწყობა გაეროს ბავშვთა ფონდის ანტი-სტიგმა კამპანია – „დაინახე ყველაფერი“, წიგნების გამოფენა-გაყიდვა. დღის ბოლოს გაიხსნება ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ბათუმის” ვარსკვლავი. საზაფხულო თეატრში საპატიო ბათუმელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. 21:00 სთ-ზე კი, ევროპის მოედანზე ბათუმის ჯაზ ბიგბენდის კონცერტი ჩატარდება. ბათუმობის დღესასწაული ორდღიანია. სადღესასწაულო ღონისძიებები ხვალაც გაგრძელდება. ბათუმობა 2017 ევროპის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0