ბათუმი ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-3 საინვესტიციო-ენერგეტიკულ ფორუმს მასპინძლობს

11/09/2018

ბათუმი დღეს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მე-3 საინვესტიციო-ენერგეტიკულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონის ღონისძიების ბათუმში ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ფორუმები ხელს უწყობს როგორც ენერგეტიკის დარგში ცნობიერების ამაღლებას, ისე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

“პირველ რიგში ეს ფორუმი მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვინაიდან ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ რეგიონში ტურიზმი სხვა მიმართულებებს იღებს იქნება ეს კორპორატიული ტურიზმი, თუ სხვა სახის ტურიზმი. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. ასევე თემატურად დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ხაზს უსვამს იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც ენერგეტიკაში ინვესტიციების კუთხით უნდა განხორციელდეს. ასევე, იმ მაღალტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. შესაბამისად, ის მიმდინარე პროექტები, იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურები თუ სხვა ტიპის ენერგო ობიექტები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საინვესტიციო-ენერგეტიკული ფორუმი მიზნად ისახავს კარეკის ქვეყნებში საჯარო და კერძო სექტორის მიერ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას, არსებული ენერგო შესაძლებლობების ჩვენებას, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარების უზრუნველყოფას, ასევე მაღალი ტექნოლოგიების მიმართ ცნობადობის ამაღლებას.
ორდღიან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ CAREC-ის წევრი და სხვა ქვეყნების სამთავრობო ოფიციალური პირები, კერძო სექტორის ინვესტორები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, დეველოპერული პარტნიორები. წარმოდგენილი იქნება 5 ტექნოლოგიური სესია, სადაც ყურადღება გამახვილდება პროექტების ქეისებზე, მათ დაფინანსებასა და შედეგებზე.
ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება. CAREC-ის მესამე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი ხვალ დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0