ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საფეხბურთო კლუბ ,,ბათუმის დინამოს“ პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინთან ერთად, დღეს ანგისის დასახლებაში მდებარე სპორტულ ბაზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
სპორტული ბაზის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სრულდება მოედნების მოწყობა სტაციონალური სარწყავი სისტემებით და სარწყავი წყლის რეზერვუარების მონტაჟი. ხორციელდება ბორდიურების, მოსაპირკეთებელი ბეტონის ფილებისა და ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები, ქვის ღობის შელესვა და ლითონის ღობის სექციების დამზადება-მონტაჟი. შენობის შიგნით მიმდინარეობს კედლების შელესვა და ანძების განათების სისტემის მოწყობა. მშენებლობის პროცესი წინსწრებით მიმდინარეობს. ამ დრომდე შესრულებული სამუშაოს ღირებულება 1 მილიონ 380 ათას ლარს შეადგენს.
საპროექტო ნაკვეთი 78772 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს. პროექტით გათვალისწინებულია 1575 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მოწყობა, ტრიბუნაზე იქნება 5 სექტორი და შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილები. მოეწყობა 1 ბუნებრივსაფარიანი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი. გათვალისწინებულია მოედნების განათება ორი – სავარჯიშო და სათამაშო რეჟიმით. პროექტის ფარგლებში აშენებულია 3 სართულიანი შენობა, მეოთხე სართულზე კი მოეწყობა ტერასა მედია საშუალებებისათვის. მეოთხე სართულზე, ორ დაშენებაში მოთავსებულია მართვის სისტემები. შენობაში განთავსდება ბაზის ადმინისტრაცია, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო ოთახი, სალარო და სასტუმრო. ასევე მოეწყობა ავტოსადგომი და კომერციული ფართები. ობიექტი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.
ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობის დასრულებისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 14 მარტს გამოცხადდა. მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრისთვის დასრულდება. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 4`116`170.00 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შპს „მონოლითი-2005“ ასრულებს.
ბათუმის მერმა ანაგის სპორტულ ბაზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
16/06/2017