ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ვრცელი ტერიტორია დაუბრუნდა

23/11/2022

ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს მესაკუთრესთან მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით უბრუნდება. აქვე, დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა იმ მიდგომას, რაც თბილისის მუნიციპალიტეტს 2017 წლიდან აქვს მწვანე არეალებთან დაკავშირებით.

„თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, პირადად ჩემთვის რეკრეაციული და მწვანე სივრცეების არსებობა დედაქალაქში. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის პარკების განახლება, სკვერების რეაბილიტაცია და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დანერგილი იყო და ყოველდღიურად ხდებოდა. ეს იყო მწვანე არეალების, სპორტული მოედნების მიტაცება და მათ ადგილზე გარკვეული სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა, 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დედაქალაქი იყო კიდევ უფრო მწვანე, იყოს კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე, იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში, ნორმალურ პირობებში შეძლონ დასვენება, განტვირთვა და თუნდაც, ვარჯიში. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ფართი დავუბრუნეთ მუნიციპალიტეტს, სადაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდა რეკრეაციული სივრცეებისა თუ სპორტული მოედნების სახით. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება დღესაც გრძელდება. თქვენ იცით მზიურის პარკი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცეა და დიდი ისტორიის მატარებელი პარკია. თავის დროზე თბილისისთვის მორიგი ფილტვის გაჩენასა და ვერეს ხეობაში პარკის გაშენებაზე ცნობილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე ბევრს საუბრობდა. იგი თბილისელებს მოუწოდებდა, თითო აგური მიეტანათ ვერეს ხეობაში ოცნების ქალაქის ასაშენებლად, სადაც პატარები ბეთანიიდან მონაბერ სუფთა ჰაერზე დაისვენებდნენ. გარდა იმისა, რომ უნიკალური მწვანე სივრცეა, ამ ქალაქის თანამედროვე ისტორიისა და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ 2 წლის წინ განახლდა ეს პარკი და ახალგაზრდებისთვის, ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი სასიამოვნო და საყვარელი ადგილია, თუმცა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად წარმოება, რადგან პარკის გარკვეული ტერიტორია კერძო საკუთრებაში იყო. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან და დღევანდელი გადაწყვეტილება მინდა გავაცნო თბილისელებს ამ სივრცესთან დაკავშირებით. მინდა მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა იმ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს – მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით, 18 000 კვადრატული მეტრია. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ეს საკითხი მთავრობაზე უკვე გავიტანეთ. გადაეგზავნება საკრებულოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 2 ჰექტრამდე ტერიტორია მიემატება მზიურის პარკს. ჩვენ დავიწყებთ პროექტის მომზადებას, რომელიც მომდევნო ეტაპზე განხორციელდება.
ჩვენი ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მწვანე არეალების მიმართ, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებული და განახლებული, რადგან ეს სივრცეები უნდა გამოიყენონ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა და ამ ქალაქში მცხოვრებმა ყველა თაობის ადამიანმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0