ბავშვთა და ორივე მშობლის უფლებების თანაბრად დაცვის მიზნით არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გაყვანის რეგულაციები უმჯობესდება

29/01/2016

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ახლებურად არეგულირებს საზღვარგარეთ არასრულწლოვანთა გაყვანას. კანონპროექტის პაკეტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა. პროექტის მიზანი ბავშვთა და ორივე მშობლის უფლებების თანაბრად და უკეთ დაცვაა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, დღეს არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ მეორე მშობლის უკითხავად ბავშვი წაიყვანოს საზღვარგარეთ.

„პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი და დღეს პასპორტის არასრულწლოვანი შვილისთვის აღება საჭიროებს ორივე მშობლის თანხმობას. თუმცა, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება დაცული მაშინ, თუკი პასპორტის აღების შემდეგ მშობლებს შორის მოხდება უთანხმოება, გაშორება ან სხვა ტიპის კონფლიქტი და ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ მანამდე, ჰარმონიული ცხოვრების პირობებში აღებული პასპორტი გამოიყენოს, მოაშოროს არასრულწლოვანი შვილი მეორე მშობელს და ის წაიყვანოს სამუდამოდ საზღვარგარეთ. ასეთ შემთხვევაში, ბავშვი არ არის დაცული იმისგან, რომ ის არ გახდეს მშობლებს შორის უთანხმოების რეალური მსხვერპლი. ჩვენ შემოგვაქვს ვალდებულება მშობლებისთვის − როდესაც ისინი აიღებენ თავიანთი არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტს, შეავსებენ სპეციალურ ფორმას, სადაც გააკეთებენ გათვითცნობიერებულ და ინფორმირებულ არჩევანს იმის შესახებ, რომ პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი, და როდესაც არასრულწლოვანს სამგზავრო დოკუმენტს უმზადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მშობელმა ბავშვი შეიძლება გაიყვანოს მისი თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა

გარდა ამ ვალდებულებისა, კანონში შევა ცვლილება და მშობლები შეიძენენ ახალ ბერკეტს, რომ უკეთესად დაიცვან საკუთარი შვილის ინტერესები. ცვლილების თანახმად, თუ რომელიმე მშობელი უკან გაიტანს თავის თანხმობას პასპორტის აღების შესახებ, ბავშვზე გაცემული პასპორტი გაუქმდება.

„ჩვენ კანონში შევიტანთ ცვლილებას და მივცემთ მშობლებს იმ ბერკეტს, რომელიც დღეს არ აქვთ. ამიერიდან ერთი მშობლის მოთხოვნა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მანამდე მისივე თანხმობით გაცემული პასპორტი გაუქმდეს. სანამ ეს ცვლილება შევა კანონში და ამ ახალ ბეკრეტს შეიძენს თითოეული მშობელი, მინდა, დღეიდან გავაფრთხილო ყველა მშობელი, რომელთაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ, რომ, თუკი აუღებთ ერთობლივი თანხმობით თქვენს შვილს პასპორტებს და გაჩნდა კონფლიქტი, მაშინვე მიმართეთ იუსტიციის სახლებს, ტერიტორიულ სამსახურებს და უკვე მოითხოვეთ პასპორტის გაუქმება იმისთვის, რომ ის ბავშვი, რომელიც არასრულწლოვანია და რომელიც თვითონ არ აკეთებს არჩევანს, არ აღმოჩნდეს მსხვერპლი ორ სრულწლოვან ადამიანს შორის გაჩენილი უთანხმოებისა“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კანონპროექტის მომზადება პრობლემურმა ვითარებამ განაპირობა, რომელიც საქართველოში შეიქმნა ბავშვთა ქვეყნიდან გაყვანის მხრივ. ცვლილებები კონკრეტული შემთხვევების შესწავლის საფუძველზე შემუშავდა.

მოქმედი კანონის თანახმად, არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გაყვანისათვის საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 2015 წელს პრაქტიკაში თავი იჩინა რამდენიმე შემთხვევამ, როდესაც ბავშვები ქვეყნიდან გაიყვანა ერთ-ერთმა მშობელმა მეორის ინფორმირების გარეშე. ასეთი შემთხვევები, ძირითადად, მაშინ ხდება, როდესაც მშობლები ერთად აღარ ცხოვრობენ, არიან კონფლიქტში, ხოლო ერთ-ერთი საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებია. ეს ლახავს როგორც ბავშვის, ის მეორე მშობლის უფლებებს და ინტერესებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0