ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გაძლიერებისთვის, სამწლიანი პროექტი განხორციელდება. პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. მან მიმართულების კოორდინირებულად მართვისთვის ახალი ფორმატის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
„ევროკავშირი მრავალი მიმართულების განვითარებაში ეხმარება საქართველოს. დღეს საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის დახმარების ახალ პროექტს, რომლის თემატური მიმართულება იქნება ბავშვთა უფლებების დაცვა და კეთილდღეობა. შეიქმნება ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმი. მართვის ისეთი სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს როგორც სხვადასხვა სამინისტროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს. ეს არის იმის ანალოგი, რაც გვაქვს გლობალურ ფონდთან მიმართებაში და ამ ფორმატით უფრო კოორდინირებულად იქნება შესაძლებელი აღნიშნული მიმართულების მართვა.“ – განმარტა დავით სერგეენკომ.
ამბიციური უწოდა ახალ ინიციატივას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და აღნიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.
პროექტი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ოჯახზე დაფუძნებული ალტერნტიული მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოში მოქცევას, სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას, ასევე ბავშვთა დაცვის პოლიტიკის მიმართულებით არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწას ისახავს მიზნად.
ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ 44 დიდი ზომის ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულება დახურა და 1316 მიუსაფარი ბავშვის რეინტეგრაცია უზრუნველყო.
„ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის“ პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, მიმდინარე წლის თებერვლიდან განხორციელდება.
ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
18/02/2019