ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო 500 Global-ის აქსელერაციის დემო-დღის ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც მონაწილე კომპანიების დამფუძნებლები ინვესტორების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ. საქართველოში აქსელერაციის პროგრამა მესამედ გამოცხადდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 13 კომპანია შეირჩა: Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text’nPayMe და Voiceloft. აქსელერაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც სესიებს, ასევე ინდივიდუალურ მენტორობას თითოეული კომპანიისთვის.
„პროგრამის ფარგლებში ახალ კომპანიებს, სტარტაპებს საშუალება ეძლევათ, ძალიან გამოცდილი მენტორებისგან გაიზიარონ გამოცდილება, მიიღონ ცოდნა და გაძლიერდნენ. სწორედ ასეთი აქსელერაციის პროგრამების დასასრულს ჩვენ გვაქვს დემო-დღე, როდესაც ინფორმაციას ვიღებთ მათი პროდუქტების შესახებ. წელიწადში აქსელერაციის ორი პროგრამა გვექნება, პროგრამის ბოლოს კი დემო-დღე იმართება და ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, თუ რეალურად რა მიღწევები აქვთ სტარტაპ კომპანიებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2020 წელს შემოვიდა. 2020-2021 წლებში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა.