„ახალგაზრდებზე ჩვენ მესამე პირში არ ვსაუბრობთ, ჩვენ ერთი თაობა ვართ. მაქსიმალურად შევეცდებით, შევმქნათ თქვენთვის შესაძლებლობები რომ გქონდეთ პირველი სამსახური და დაიწყოთ პროფესიული კარიერა“, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სტაჟიორებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი თქმით, სტაჟირება გაცნობის და საკუთარი ცოდნის და უნარების პოტენციური დამსაქმებლებისთვის წარდგენის კარგი შესაძლებლობაა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მსოფლიო პანდემიასა და პანდემიის პირობებში შეცვლილ სამუშაო პროცესზეც. მისი თქმით, პანდემიამ შეცვალა მსოფლიო და გამოწვევის წინაშე დააყენა ეკონომიკა, პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.
„თქვენ უშუალოდ გახდით მომსწრე, თუ როგორი ადაპტაცია გაიარა საჯარო სამსახურმა პანდემიის დროს საქართველოში, როგორ გახდა ის დისტანციური და როგორ ცდილობს დაბრუნდეს სამუშაო პროცესში. პანდემიამ ისე შეცვალა მსოფლიო, რომ შესაძლოა ის, რაც პანდემიის განმავლობაში იყო საგანგებო, დღეს და ხვალ გახდეს ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი. ბევრი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ დისტანციური სერვისები, თანამშრომლების ისეთი განაწილება, როგორიც პანდემიის დროს იყო, დავალებების აღსრულების ისეთი სისტემა, რასაც ჩვენ პანდემიის დროს ვიყენებდით, შეიძლება, ეს არის ახალი რეალობა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ თაობას ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი სიტყვა აქვს სათქმელი და სწორედ ამიტომ, მმართველი გუნდი ინვესტიციას და რესურსს სწორედ ახალგაზრდებში დებს.
„საქართველოს უფლება არ აქვს გაჩერების, საქართველოს უფლება არ აქვს, რომ ჩამორჩეს მოვლენებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტაჟირებასთან დაკავშირებით, საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა სწორედ იმ მომენტში გაიარეს სტაჟირება, როდესაც საქართველოში პოლიტიკა განახლების პროცესშია.