ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში და ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და დავით ლომიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე. რუსთაველის ქუჩა № 124-ში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება. 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების მქონე ორ სართულიანი შენობის აშენებას და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება რუსთაველის ქუჩა № 124-ში არსებულ ორსართულიან და სამსართულიან შენობებს, სადაც ახალგაზრდული ცენტრები განთავსდება. აქ ახალგაზრდებისთვის მოეწყობა თავშეყრის სივრცეები და იფუნქციონირებს სახელოვნებო წრეები; ამავე ტერიტორიაზე, მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციაც. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კაპიტალურად ეწყობა შენობა, სადაც განთავსდება სპორტული დარბაზები და იფუნქციონირებს სხვადასხვა სახის სპორტული წრეები.
რუსთაველის ქუჩა №124-ში დაწყებულია ასევე, კულტურის სახლის (ყოფილი კლუბის შენობა) აღდგენა-რეაბილიტაციაც. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა სცენა და დარბაზი 300 მაყურებელზე, დამონტაჟდება შესაბამისი მოწყობილობები კინო ჩვენებისათვის. სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღესვე, ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნები, ასევე მისასვლელი გზა და პარკინგი. გარდა ამისა, უახლოეს ხანში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ველო და საფეხმავლო ბილიკებს, ასევე ხელოვნურ ტბაზე არსებულ შადრევნებს.
ახალციხეში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
12/08/2021