ახალციხემ „პურის ფესტივალს” უმასპინძლა

21/10/2023

ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, „პურის ფესტივალი“ მიმდინარეობს. ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახსნა. მოსულ სტუმრებს მიესალმა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით ასევე, წარდგნენ – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”-ს დირექტორი, მარიამ ჯორჯაძე, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით მუმლაძე და სასტუმროების ქსელის “ინ ჰოსფითალითის “ PR მენეჯერი, სოფო ბერიაშვილი. ახალციხის ციხეზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ხორბლის ენდემურ სახეობებსა და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნონ ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები. ასევე, წარმოდგენილია ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობს, ბავშვებისთვის კი დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობა. ფესტივალზე, აგრეთვე, ნახავთ “ლუქსონ ფაუერის” მიერ დაპროექტებულ და შესრულებულ პროექტს, რომელიც მობილურ ეკო ფანჩატურსა და მზის ელექტროსადგურს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას ეკოლოგიურად სუფთა უწყვეტი ელექტროენერგიით სარგებლობა.
„პურის ფესტივალი“ ახალციხეში უკვე მეხუთედ იმართება. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ერთობლივი ორანიზებით ტარდება. ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0