ა(ა)იპ „შენობა-ნაგებობების ინსტიტუტი – საქართველოს“ ორგანიზებითა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დანერგვის პროექტის” ფარგლებში, გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მშენებლობის ნებართვის გამცემი და ზედამხედველობის განმახორციელებელი სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის მონაწილეები 2016 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ თანამედროვე ტექნიკურ რეგლამენტს – “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებს” გაეცნენ.
რეგლამენტი, რომელიც 2017 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდება, მოძველებულ ნორმებს ჩაანაცვლებს და დაარეგულირებს შენობების დაგეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების, გასასვლელი საშუალებებისა და სხვა მოთხოვნებს შენობების დაპროექტების, მშენებლობისა და გამოყენების პროცესში.
“შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დანერგვის პროექტს”, ახალი რეგულაციების დანერგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა “მმართველობა განვითარებისათვის” მხარდაჭერით, ა(ი)იპ „შენობა-ნაგებობების ინსტიტუტი – საქართველო“ ახორციელებს.
ახალი წესების მიხედვით, ასევე, მუშავდება სანიმუშო სამშენებლო დოკუმენტის პროექტები სხვადასხვა ფუნქციის შენობისთვის, რომლებიც გადაეცემათ მუნიციპალიტეტებს. „შენობა–ნაგებობების ინსტიტუტი – საქართველო“ ხელს უწყობს საქართველოში შენობა–ნაგებობებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების და სტანდარტების განვითარების პროცესს, რათა აგებული შენობა–ნაგებობები იყოს მდგრადი და უსაფრთხო.
პროექტის ფარგლებში სემინარები გაგრძელდება და მას მშენებლობის ნებართვის გამცემი და მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სამსახურების თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაივლიან.
ახალი წესების მიხედვით მუშავდება სანიმუშო სამშენებლო დოკუმენტის პროექტები
31/10/2016