ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი რუსთავის ურბანული განვითარების ახალი შესაძლებლობების და მერიის არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საზოგადოებას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა. გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით ქალაქის ურბანული განვითარება უმნიშვნელოვანესი საკითხია – გენერალური გეგმის არსებობა კი პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
“ჩვენ ამ დოკუმენტზე უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. ქალაქ რუსთავის მერის ინიციატივით მოკლე პერიოდში რუსთავს ექნება ახალი გეგმა, რომელიც გულისხმობს თუ როგორ უნდა განვითარდეს სწორად ქალაქი ურბანულად და არქიტექტურულად“ – აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა.
პრეზენტაციას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,ქართული ოცნების” წარმომადგენლები, არქიტექტორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. რუსთავის მერიაში თანამედროვე მუნიციპალური სერვისების დანერგვის მიზნით მიმდინარე რეფორმა, ამჯერად არქიტექტურის სამსახურში დაიწყება. ბოლო 4 წლის განმავლობაში, რუსთავში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ, 350 მილიონ ლარს გადააჭარბა. ინვესტიციის ძირითადი წილი, დეველოპერულ კომპანიებზე მოდის, რამაც რუსთავი, ურბანული განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა და ქალაქის მერია, ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. თანამედროვე ელექტრონული სერვისები, ღია კონკურსები არქიტექტორებისთვის, ეკოლოგიური პაკეტები, მწვანე ქალაქის კონცეფცია, რუსთავის განვითარების გენერალური გეგმის ახალი ხედვა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა – ასეთი იქნება რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპი. რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურში დაწყებული რეფორმა, ქალაქს ქაოსური მშენებლობებისგან დაიცავს და მის ურბანულ განვითარებას სწორ მიმართულებას მისცემს.