,,ახალი ღვინის’’ ფესტივალზე ბოლნისიდან 26 სახეობის ღვინო წარადგინეს

12/05/2018

ქვევრის ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია, სწორედ ამის დასტურად, იუნესკომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა და საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი საპატიო ადგილი დაიკავოს. სწორედ პოპულარიზაციის მიზნით, მეცხრე წელია “ღვინის კლუბი” ღვინის ფესტივალს მართავს, ლოკაციის ადგილი წელსაც მთაწმინდის პარკი იყო, სადაც ბოლნისიდან 13 მარნის 26 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.

ფესტივალში მონაწილე ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2017 წლის მოსავალის ღვინოები დააგემოვნებინეს, სულ წარმოდგენილი იყო 81 ღვინის კომპანია და 131 მცირე საოჯახო მარანი. ღვინოს, პროფესიონალებთან ერთად, აგემოვნებდნენ ღვინის თემით დაინტერესებული ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

“ახალი ღვინის ფესტივალი” საქართველოს “ღვინის კლუბის” ორგანიზებით მეცხრედ ტარდება, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, მონაწილეებისა და სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, პირველ ფესტივალზე 2010 წელს ღვინის მწარმოებელი მხოლოდ 15 კომპანია მონაწილეობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0