„ახალი ტფილისის” ახალი აღმოჩენები

09/06/2016

პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში თბილისის განვითარების ფონდის მიერ ისტორიული სადარბაზოების აღდგენა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დავით აღმაშენებლის გამზირ N26 – ში, დავით აღმაშენებლის გამზირ N72- სა და ღვინის აღმართ N1- ში მხატვრულად გაფორმებული ისტორიული სადარბაზოები აღმოჩნდა, რომელიც საღებავის სქელი ფენით იყო დაფარული და მათი არსებობა სპეციალისტების კვლევებშიც არ იყო ცნობილი.
აღნიშნულ მისამართებზე თბილისის განვითარების ფონდის დავალებით, სადარბაზოების დაფარული მხატვრობის შენარჩუნების და აღდგენისთვის რესტავრატორები მუშაობენ.

როგორც ცნობილი გახდა, სადარბაზოები დაფარული იყო ზეთოვანი საღებავების სქელი ფენით, რომლებიც კომუნისტური წყობის დროს მოსახლეობის თვითნებური ჩარევების გამო დაზიანდა. სწორედ ამ საღებავების ქვეშ აღმოჩენილია მაღალმხატვრული ღირებულებების მქონე ნამუშევრები, რაც XIX-XX- ე საუკუნეების თბილისური არქიტექტურისთვის სახასიათოა.

კიდევ ერთი საინტერესო ისტორიული წარწერა დავით აღმაშენებლის გამზირ
N 29 – ის სადარბაზოს შესასვლელშია აღმოჩენილი. ფასადზე ასახული ძველი ლათინური წარწერა ” FRS OUMINSK” სავარაუდოდ, ამ შენობის ძველი მეპატრონის სახელს და გვარს აღნიშნავს. აღმოჩენილი წარწერის ზუსტ წარმომავლობას ხელოვნებათმცოდნეები იკვლევენ.

აშკარაა, რომ სადარბაზოების მხატვრობით მდიდარი იყო ძველი თბილისი, განსაკუთრებით, კი დავით აღმაშენებლის გამზირი – ყოფილი მიხაილოვის პროსპექტი, რასაც გამზირის N72 – ში სადარბაზოს ჭერზე აღმოჩენილი მხატვრული ფრაგმენტი – ორი ანგელოზის გამოსახულება ადასტურებს.

დავით აღმაშენებლის გამზირზე N26 – ის ისტორიული სახლის სადარბაზოში მიმდინარეობს კედლების წმენდა, კიბეების საფეხურების ფრაგმენტულად აღდგენა და ბაქნების მოწყობა.

პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ – ერთი საინტერესო აღმოჩენა უკავშირდება დავით აღმაშენებლის გამზირ N36 – ში მდებარე ისტორიულ სახლს, სადაც სადარბაზოს კარის რესტავრაციისას საფოსტო გზავნილის ჭრილი აღმოჩნდა.
ე.წ. „ჭავჭანიძეების“ ისტორიული სახლი ცნობილია თავისი უნიკალური, მხატვრული სადარბაზოთი, რომლის რესტავრაციაც თვის ბოლომდე დასრულდება.

რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი, დავით აღმაშენებლის გამზირზე N26 – ში მდებარე ძველი სადარბაზოს დაფარული სილამაზე არტ-ნუვოს ეპოქის მხატვრობას ინახავს. ფონდი სადარბაზოს მხატვრობის შენარჩუნებას და რესტავრაციას გეგმავს.

„ახალი ტფილისი“ პროექტის დასრულებამდე, კიდევ ბევრ, ძველ ქალაქურ ისტორიებს გააცოცხლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0