ახალი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის ჯარიმას ითვალისწინებს

22/12/2022

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა. კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება მკაცრი საჯარიმო სანქციები სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისათვის, ასევე, მოხდება კოდექსში არსებული რიგი ხარვეზების გამოსწორება.

„როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სრულად ვერ აგვარებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის პრობლემას, რადგან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებიდან შემდგომ ტექნიკურ ინსპექტირებამდე გარკვეული გაუმართაობის გამო სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში შესაძლებელია დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობამ გადააჭარბოს დადგენილ ნორმებს. აღნიშნული შემთხვევის მოწმე ვართ ყველა ქალაქში გადაადგილებისას, როდესაც სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერებების გადამეტების ფაქტები ხშირად შეგვხვედრია. პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არ არსებობს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებებს შორის სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლის მოქნილი და ეფექტური რეგულაცია და მკაცრი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც გამოვლინდა კანონის აღსრულების პროცესში“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ცვლილების შესაბამისად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
​იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება პირველი სახდელის დადებიდან 60 დღის შემდეგ, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0