საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – პატივია, დღეს საქართველოში ვუმასპინძლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის საქართველოში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენს ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი განუზომელია აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაში და ჩვენი მეგობრობისა და ჩვენი ძმობის განმტკიცებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მართლაც უნიკალური ურთიერთობა და მეგობრობა. ეს ურთიერთობა ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება, ჩვენი ხალხებისა და ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომლებიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობასა და თანამშრომლობას. ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, შევეხეთ, ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევის პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარების და, ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა დავადასტურო კიდევ ერთხელ, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება, და მე მჯერა, რომ ჩვენ, ერთად, კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ბატონო პრეზიდენტო, ასევე, მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნის თაობაზე სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მეგობარია აზერბაიჯანის და აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე ჩვენ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, არის ისტორიული მნიშვნელობის, ისეთები, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც მქონდა საუბარი. ჩვენ ვადასტურებთ სრულ მზადყოფნას, ბატონო პრეზიდენტო, რომ ურთიერთობები როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილი პროექტების რეალიზაციის მიზნით, ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიუროთ ურთიერთობა. დაბოლოს, მინდა დავესესხო თქვენს მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას, – აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრებისა და მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა. ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს, – დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი – ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია, რომ ვიმყოფებით ამ ძალიან ლამაზ ადგილას და ქარი მაგონებს ბაქოს, ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები. ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ორჯერ ბრძანდებოდა ბატონი ირაკლი აზერბაიჯანში გასულ წელს და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს. ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ურთიერთობებს, რომლებსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის სახით, რადგან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ აქტიურად როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ისე ორმხრივ ფორმატში. და ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალურადაც. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, უკვე ჩვენი შეხვედრისას შევეხეთ ბევრ საკითხს და გავაგრძელებთ საუბარს სხვა საკითხებზეც. რა თქმა უნდა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების საკითხებიც ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბახის მეორე ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაცნობე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს. იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რათა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. თუ ასე მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იქნება თანამშრომლობისთვის. დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი. რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება – ბოლო 9 თვის განმავლობაში გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას. აზერბაიჯანიდან საქართველოში ინვესტირებულია მნიშვნელოვანი თანხები, ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომლებიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს და კიდევ უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და 2027 წლისთვის ვაპირებთ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი, და ეს საკითხი, ბუნებრივია, განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი, ვიცი, რომ ის არ არის ამჟამად მოქმედი, მაგრამ გვინდა, რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც. ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით ჩვენ შეგვიძლია 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებითა და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი იმისათვის, რომ ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე, და მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც. საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა და ენერგოდერეფნების პოტენციალი. ასევე უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ტვირთბრუნვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 75 პროცენტით გაიზარდა. უნდა ვთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ 5 მლნ ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით, ამ დერეფანში და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისათვის, რომ კასპიის ზღვისპირეთიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, საქართველოს პორტების გამოყენება მოხდეს იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდა და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი 25 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი! საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ორი მოძმე ერის ინტერესები, ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი, და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი. ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი ლიდერების ხელშეწყობით, ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილას ჩემი მოწვევისთვის და მინდა ქართველ მეგობარ და მოძმე ერს ვუსურვო სამუდამო კეთილდღეობა.