ახალი პროგრამის საპილოტე პროექტი დაბა ბაკურიანით დაიწყება

27/08/2020

აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება, – ამას ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურების სამინისტროებსა და აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმდა. საქართველოს საკურორტო დასახლებების უფრო ეფექტური მართვისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდება. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოს კურორტების ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმის თანახმად, აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს ტურისტული ადგილების ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება. ახალი პროგრამის საპილოტე პროექტი დაბა ბაკურიანით დაიწყება და საქართველოს სხვა ტურისტულად მიმზიდველ დასახლებებში გაგრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში მონაწილეობს ისეთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია, როგორიცაა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც პროექტს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ორიენტირებულია ტურისტული და მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან, მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და საბოლოო ჯამში, საქართველო კურორტებზე უფრო მეტი მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0