გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ ახალი კანონის პროექტზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიზანია, შეიქმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები. ახალმა კანონმა უნდა უზრუნველყოს ბიომრავალფეროვნების კომპონენტებით ისეთი სახით და მოცულობით სარგებლობა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოხდეს მათი შემცირება.
„ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გვაქვს აღებული ვალდებულება აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიღება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. გარემოსდაცვითი მიმართულებით წელს მნიშვნელოვანი რეგულაციები იქნა მიღებული – ეს იყო სამრეწველო ემისიების შესახებ კანონი, ეს იყო წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი; მთლიანობაში, გარემოსდაცვითი კუთხით 27 რეგულაციიდან, რომლის დაახლოებაც უნდა განგვეხორციელებინა, 20 უკვე დაახლოებული გვაქვს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა განმარტა, რომ კანონის მიღების შემდგომ, მთელი რიგი მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა დაიწყება კანონქვემდებარე აქტებზე, რათა დადგინდეს კონკრეტული ინდიკატორები, კონკრეტული კრიტერიუმები თითოეულ საკითხზე, მკაცრად დაცული და დაცული სახეობების განსაზღვრასთან მიმართებაში, მათი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით საჭირო კრიტერიუმები.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული ვადებია საჭირო, როგორც სამინისტროსთვის, უწყებებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, რომ მოვემზადოთ შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის. შესაბამისად, კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2026 წლიდან შედის, ხოლო გარკვეული ნორმების ძალაში შესვლა 2027-2029 წლებში მოხდება“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.