ახალგაზრდებს მშვიდობის მშენებლობაში განსაკუთრებული როლი აქვთ – მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას

21/09/2022

„მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აქვთ – მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას და სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას, მათ ერთობლივად შეუძლიათ წვლილის შეტანა მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე – „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და, ამ კონტექსტში, სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამჟამინდელ მყიფე და მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში მშვიდობის საჭიროებასა და მნიშვნელობას განსაკუთრებით ვგრძნობთ. დღეს მრავალი ახალგაზრდა განიცდის შეიარაღებული კონფლიქტების მძიმე შედეგებს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ესკალაცია, ფართო რეგიონის სამხედრო დაპირისპირებები დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნებსა და რეგიონის განვითარებასა და ახალგაზრდების მშვიდობიან მომავალს. საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი ომი გამოიარა, ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ყოველდღიურად მძიმე შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მივესალმებით მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ჩვენთვის გამორჩეული პრიორიტეტია. მშვიდობის მშენებლობაში ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აქვთ. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას და სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას. მათ ერთობლივად შეუძლიათ წვლილის შეტანა მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდებს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ მშვიდობის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ახალგაზრდებისთვის მშვიდობის ჯილდო დაწესდა. მადლობას მოგახსენებთ თქვენი ძალისხმევისთვის და გთხოვთ, რომ ამავე სულისკვეთებით გააგრძელოთ თქვენი ღირსეული საქმიანობა. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დიდი იმედი. თქვენი აქტიური მონაწილეობით შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ. გიორგი ვოლსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს შორის კავშირის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დრო გადის და ბევრი რამ იცვლება მსოფლიოში, მაგრამ ერთი რამ არ შეიცვლება – არც ჩვენს ახალგაზრდებს, არც აფხაზებს და არც ოსებს არ უნდათ, რომ ერთმანეთს უყურონ თოფის ლულის სამიზნით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობისა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ინტერესი მაქვს, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი მოვიწვიოთ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე. კომისიის შემადგენლობაში არის ოპოზიციაც, უმრავლესობის წარმომადგენლებიც და ჯერჯერობით ერთადერთი სტრუქტურაა, სადაც დაპირისპირების ის ხარისხი არ არის, რასაც სამწუხაროდ, სხვა სტრუქტურებში ვხედავთ, მათ შორის, პარლამენტში. აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში გვექნება ეს შეხვედრა და გარკვეული თანამშრომლობის ფორმატზე უნდა შევთანხმდეთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ღონისძიება, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0