ახალგაზრდების ხელშესაწყობად დავიწყეთ ,,სტარტაპების“ პროგრამა

26/06/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას დაესწრო და სიტყვით მიმართა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და მათი აქტიური ჩართულობა პარტიის საქმიანობაში. მისი თქმით პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წელს პირველად იღებს დამოუკიდებლად მონაწილეობას არჩევნებში და ყველა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ მთელი შემართებით, განახლებული გუნდით და ენერგიით, კონკრეტული მიზნებით და მკაფიო ხედვებით წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე.
„დარწმუნებული ვარ, თქვენ კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის ჩვენი პარტიისთვის, ქართული ოცნების თითოეული წევრისთვის ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა. პარტია ,,ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იკრებს ძალას და ორიენტირებულია განვითარებაზე, სიახლეზე. ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და, რაც მთავარია, გვჭირდება ახალგაზრდული ენერგია – თქვენი ენერგია, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი თამამი გადაწყვეტილებები საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენი, ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოებრივი განვითარების გზის თქვენეული ხედვა და აქტიური ჩართულობა პარტიის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა იმ საქმის თანამონაწილე იქნებით, რომელიც ჩვენს სამშობლოს უდიდეს წარმატებებს მოუტანს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ახალ დღის წესრიგზე. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს ფუნდამენტურად შეცვალოს განათლების სისტემა, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს შრომის ბაზარზე და ახალგაზრდებს აღარ ჰქონდეთ უმუშევრობის პრობლემა.

„ახალგაზრდების ხელშესაწყობად დავიწყეთ ,,სტარტაპების“ პროგრამა, რომელიც გულისხმობს პერსპექტიული, ინოვაციური ბიზნესიდეების დაფინანსებას. როგორც წესი, ინოვაცია და საინტერესო ბიზნესიდეები თქვენს თანატოლებს, მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ, მაგრამ არა აქვთ საწყისი კაპიტალი. სწორედ აქ დაგიდგებათ სახელმწიფო გვერდში და დაგიფინანსებთ საინტერესო წამოწყებებს. იმედი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი თანატოლები დაინტერესდებით ამ საქმით. ეს მოგცემთ თქვენი პოტენციალის გამოყენების საშუალებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია იყო რეალიზებული დღევანდელ ცხოვრებაში. მინდა მოგიწოდოთ თქვენც და ყველა თქვენს თანატოლს, – გამოიყენეთ შანსი, რომელიც დღეს გეძლევათ. თქვენ მოიტანეთ ახალი, ინოვაციური იდეები და ჩვენ გვერდში დაგიდგებით. თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს, რომ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შესწევს ძალა ღირსეულად მართოს ქვეყანა.
„უნდა დავანახოთ, რომ „ქართული ოცნება“ ძლიერი და პროგრესული, ევროპული ღირებულებების მატარებელი და დემოკრატიული პრინციპების ერთგული პარტიაა, რომელსაც სწორი გზით მიჰყავს ქვეყანა და რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. მე დარწმუნებული ვარ პარტიის თითოეული წევრი და განსაკუთრებით თქვენ, ახალგაზრდები თავს არ დაზოგავთ და იბრძოლებთ არჩევნებში იმ პარტიის გამარჯვებისთვის, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და სჯერა, რომ ,,ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება! ,,ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მე მაძლევს ჩვენი ერთობა!“ – აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.
ყრილობის დელეგატებმა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0