პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მან ახალარჩეული პარლამენტის წევრებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია მიმოიხილა. პრეზიდენტის თქმით, მტრად და მოღალატედ გამოცხადება, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან ამაზეა დამოკიდებული ძლიერი საქართველოს შექმნა.
„საქართველო გზაგასაყარზეა. ქვეყანა გათავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები. დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, იმ ინსტიტუტის მიმართ თავდასხმა, რომელიც ჩვენი იდენტობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობის ღერძი და ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია, არის სახელმწიფოსთვის დესტრუქციული. მან ისაუბრა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების გამართული მუშაობის მნიშვნელობაზე ქვეყნის წინსვლის საქმეში, სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ახალი მიდგომები.
„ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება მომავლის ორიენტირი ანუ პერსპექტივა, ხედვა. ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოვებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა.
„ახალი მიდგომა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რამეთუ მხოლოდ ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატოს ვუახლოვდებით და გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, არასაკმარისია“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საჭიროა ნატოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მოფიქრება
„ახალი მიდგომა გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაშიც გვჭირდება. პანდემიამ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი რეალობა შექმნა, რომელშიც დღესდღეობით მთავარ აქტორებად მხოლოდ დიდი ქვეყნები რჩებიან. ამ მოცემულობაში გამოსაკვეთია პატარა ქვეყნების გააქტიურების მექანიზმები“, -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. .
მისი თქმით, როგორც წარსულის ურთულეს პერიოდებში, ახლაც უნდა გამოვიყენოთ ერთობით და თანადგომით მტრის ძლევის ისტორიული პრინციპი.
„ეს იყოს ჩვენი გამაერთიანებელი, ჩვენი მამოძრავებელი, რადგან აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა. ეს პასუხისმგებლობა დიდწილად ამ პარლამენტს ეკუთვნის. ძალიან ვწუხვარ, რომ ნაწილმა გარეთ დარჩენა აირჩია, რადგან პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს ამ ვითარებაში ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შესაძლებლობა. იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა და იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს – ვლადიმერ კახაძეს გადაეცა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვა.
მისი ინფორმაციით, პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრება და სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას. მან დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს. სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 7 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებით სამანდატო კომისია 10 წევრის შემადგენლობით აირჩიეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ სხდომას პარლამენტის არჩევნების შედეგები და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა. მისი ინფორმაციით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ცესკო-მ 3 დეკემბერს შეაჯამა.
„არჩევნები ჯამში 3847 საარჩევნო უბანში ჩატარდა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მისი ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო ისტორიულად ყველაზე დიდი რაოდენობა სადამკვირვებლო ორგანიზაციების.
„ჯამში, რეგისტრირებული იყო 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან 46 981 დამკვირვებელი, 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. არჩევნებს, საარჩევნო სუბიექტების ძალიან მაღალი რაოდენობა – პოლიტიკური პარტიების, ბლოკებისა და კანდიდატების 80 819 რეგისტრირებული წარმომადგენელი აკვირდებოდა“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ,
მისი ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 970 540-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56, 11%-ია.
თამარ ჟვანიას განცხადებით, საბოლოო შედეგების მიხედვით, 1%-იანი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა:
№2 ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის 3, 79 % (72 986 ხმა)- 5 მანდატი.
№5 ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია – 27.18% (523 127 ხმა) – 36 მანდატი;
№8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3.14% (60 480 ხმა) – 4 მანდატი;
№10 – შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1.00% (19 314 ხმა) – 1 მანდატი;
№24 – ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები – 1.33% (25 508 ხმა) – 2 მანდატი;
№27 – ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15% (60 671 ხმა) – 4 მანდატი;
№36 – გირჩი – 2.89% (55 598 ხმა) – 4 მანდატი;
№41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 48.22% (928 004 ხმა) – 60 მანდატი;
№56 ლელო – მამუკა ხაზარაძე – 3.15% (60 712 ხმა) – 4 მანდატი
თამარ ჟვანიას განცხადებით, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები.
„საქართველოს პარლამენტში სულ არჩეულია 31 ქალი (20, 67%) და 119 კაცი (79, 33%). ჯამში 150 პარლამენტის წევრი“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
სხდომაზე გამოცხადებული ერთსაათიანი შესვენების განმავლობაში პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ შეისწავლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის შედეგები პარლამენტს კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მოახსენა. პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. შესაბამისი დადგენილება 87 ხმით მიიღეს. ყველა ის პირი, ვინც ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია. ამ მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის პარლამენტს. პარლამენტის სრული შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, იმ პარლამენტის წევრებმა, რომლებიც პირველ სხდომას ესწრებოდნენ, ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი ცესკო-ს თავმჯდომარემ წაიკითხა, რომლის შემდეგაც პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს: „ვფიცავ“. პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. შესვენების შემდეგ, პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ პირველ სხდომას მიაწოდა ინფორმაცია საპარლამენტო ფრაქციების შექმნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის შესახებ. დარეგისტრირდა ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომელიც განისაზღვრა 90 კაცის შემადგენლობით. ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დარეგისტრირდა უმრავლესობა, რომელიც ფრაქციის შემადგენლობის იდენტურია. უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება.
„დარეგისტრირდა საპარლამენტო ოპოზიცია. დარჩენილი პარლამენტის წევრები ავტომატურად არიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი ინფორმაციით, პარლამენტში 15 კომიტეტი იმუშავებს. დეპუტატებმა პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩიეს. რეგლამენტის შესაბამისად, იგი პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან დეპუტატებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა: „საკონსტიტუციო რეფორმის და მნიშვნელოვანი დემოკრატიული ცვლილებების გატარების შემდეგ, დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტი, დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, ჯეროვანი მმართველობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ესტაფეტას გადასცემს ახალ, მე-10 მოწვევის პარლამენტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს – ადამიანის თავისუფლებას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ მმართველობას, კონსტიტუციურ წესრიგს და სტაბილურობას.
„ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედებებით შევქმნით ყველა პირობას, რათა 2024 წელს, საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე; ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი მზად არის ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისთვის, დისკუსიისთვის და ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღესვე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი ხოლო მოადგილეებად – საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო აირჩიეს. დეპუტატებმა კომიტეტების შემადგენლობების განსაზღვრისა და ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობების კვოტების შესახებ დადგენილების პროექტი დამტკიცების შემდეგ კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს:
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ნინო წილოსანი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – მიხეილ სარჯველაძე;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – თეა წულუკიანი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი- დავით სონღულაშვილი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ბექა ოდიშარია:
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – მაკა ბოჭორიშვილი;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი ბერაია;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ანრი ოხანაშვილი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – სოზარ სუბარი;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი:
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი -ირაკლი კოვზანაძე;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე.
პარლამენტმა ცნობად მიიღო გიორგი გახარიას მიმართვა, კონსტიტუციის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წინაშე საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, საპატრიარქოს წევრები. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობაში მყოფი ყველა პირი პირბადეს ატარებდა.