აჭარის უმაღლეს საბჭოში უსკო-ს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდა

08/04/2016

აჭარის უმაღლეს საბჭოში უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის არჩევა კვორუმის არარსებობის გამო კვლავ ვერ მოხდა. უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მიერ წარდგენილ დავით კვაჭაძის კანდიდატურისთვის უნდა ეყარა კენჭი. რეგისტრაცია ორჯერ გაიმართა. ორივე შემთხვევაში სარეგისტრაციაში მხოლოდ ხუთმა დეპუტატმა – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ და “ქართული ოცნების” ოთხმა დეპუტატმა მიიღეს მონაწილეობა.

როგორც ავთანდილ ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 15 აპრილამდე სხდომა კიდევ ერთხელ გაიმართება, ჩაშლის შემთხვევაში კი, უსკო-ს თავმჯდომარის კონკურსი თავიდან გამოცხადდება.

“11 დეპუტატი ვერ მოგროვდა და შესაბამისად, კვორუმი არ გვაქვს და სხდომა არ გაიმართება. 15 აპრილამდე უნდა ჩავატაროთ კენჭისყრა, თუ ვერ მოხერხდა არჩევა, გამოცხადდება ახალი კონკურსი”, – აღნიშნა ავთანდილ ბერიძემ.

უსკო-ს თავმჯდომარის კენჭისყრა 18 თებერვალს, კვორუმის არარსებობის გამო ასევე ვერ შედგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0