აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის მალოპოლსკას რეგიონს სტუმრობს. ოფიციალურ დელეგაციას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მალოპოლსკას სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. პოლონეთის რესპუბლიკაში 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას წარმოადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე. აჭარის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ქალაქ კრაკოვის ტექნოლოგიურ პარკში დაიწყო, სადაც კრაკოვის ტექნოლოგიური პარკის (KTP), მალოპოლსკას რეგიონალური განვითარების სააგენტოს (MRDA) და მალოპოლსკას ბიზნეს ცენტრის (http\://www.businessinmalopolska.com) პრეზენტაციები გაიმართა. ხოლო აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. ღონისძიებას კრაკოვის ტექნოლოგიური პარკის, მალოპოლსკას რეგიონული განვითარების სააგენტოს და ბიზნეს ცენტრის წარმომადგენლები, ასევე აჭარის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. კრაკოვის ტექნოლოგიების პარკის ძირითადი საქმიანობაა: მალოპოლსკას ტექნოლოგიური განვითარება, მეწარმეობის განვითარება, ინოვაციების პოპულარიზაცია და ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა, დადებითი ბიზნეს კლიმატის შექმნა და აკადემიური პროექტების მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მალოპოლსკას რეგიონის პოტენციალის გაძლიერებას. პოლონეთის მალოპოლსკას სავოევოდოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები როგორც მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალთან, იაცეკ კრუპასთან, ასევე, მალოპოლსკას რეგიონული განვითარების სააგენტოებისა და ბიზნეს ცენტრის წარმომადგენლებთან. გაფორმდება რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულება. დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან ავიაციის მუზეუმს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 23 აგვისტომდე გაგრძელდება.
აჭარის მთავრობა მალოპოლსკას სავოევოდოსთან თანამშრომლობას იწყებს
21/08/2018