აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, კერძოდ ნიკოლაევის ოლქში გრძელდება.
ამ წუთებში მიმდინარეობს ბიზნეს-ფორუმი „ნიკოლაევი-ბათუმი“, სადაც ტარდება აჭარის რეგიონის საინვესტიციო-ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია. რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და გამოწვევებზე მასპინძელი მხარის შეკითხვებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე პირადად უპასუხებს. ანალოგიური პრეზენტაცია უკრაინული მხარის მიერაც იქნება წარმოდგენილი.
დღეს დილით, დელეგაციის წევრებმა ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წლისთავის აღნიშვნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ლიკვიდატორთა გმირობის პარკში“ გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის დელეგაციამ მოინახულა საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ნიკოლაევის ფილიალი „დელტა-ლოცმანი“. დღესვე, ნიკოლაევისა და ბათუმის საზღვაო პორტებს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.
დღის მეორე ნახევარში, ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, უკრაინელი და ქართველი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების В2В შეხვედრა გაიმართება, რომლის დროსაც ბიზნესმენები ერთმანეთს კონკრეტულ შეთავაზებებს გააცნობენ.
მოგვიანებით დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები და ნიკოლაევის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონახულება.
აჭარის დელეგაციის ვიზიტი ნიკოლაევში გრძელდება
26/04/2016