აჭარაში მცხოვრებ 800-მდე სპორტსმენს სპორტული ფორმები გადაეცათ

19/10/2017

აჭარაში მცხოვრებ 800-მდე სპორტსმენს სპორტული ფორმები გადაეცათ. ბათუმის რაგბის მოედანზე 34 სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი. მათ სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა სპორტული ტურიზმის განვითარებასთან ერთად აჭარის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. „მიხარია, რომ ჩვენი მხარდაჭერით დღეს 800-მდე ადამიანის სპორტული ეკიპირება მოხდა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებიც, რაც ხელს უწყობს სპორტსმენთა პირობების გაუმჯობესებას“ -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
რაგბის მოედანზე შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა. სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. 800 ცალი სპორტული ფორმის კომპლექტის შესაძენად დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო.
მომდევნო წლის, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2 670 460 ლარს შეადგენს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფედერაციების და სპორტსმენების დაფინანსებასა და მხარდაჭერას, სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და ღონისძიებების ჩატარებას მოხმარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0