აჭარაში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა იწყება, – ამის შესახებ prof-news-ს აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით გასვლითი შეხვედრები დაიწყო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია გამგეობებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N-25 განკარგულებით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის” გაცნობა. “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3 000 000 ლარს.
“პროგრამა ითვალისწინებს ეკომიგრანტთა უზრუნველყოფას უსაფრთხო საცხოვრისით, კერძოდ, ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვით. თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს. ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე დარეგისტრირებული უნდა იყოს ეკომიგრანტთა ერთიან ბაზაში, სადაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვისათვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით.
“აჭარის მთავრობის მიერ შემუშავებული ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა უპრეცედენტოა, იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ეკომიგრანტთა პირობების გაუმჯობესებას”, – ნათქვამია განცხადებაში.