აშშ ყოველთვის გულისყურით აკვირდებოდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ასეთი შეფასება არცერთი ელჩის მხრიდან არასდროს გაკეთებულა, – ასე გამოეხმაურა მანანა კობახიძე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განაცხადებას. მისი თქმით, იან კელიმ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს უპრეცედენტო შეფასება მისცა.
”საქართველოში უამრავი არჩევნები ჩატარებულა და ჩვენი პარტნიორი ქვეყანა – აშშ ყოველთვის ძალიან გულისყურით აკვირდებოდა პროცესებს, თუმცა ასეთი შეფასება არასდროს გაკეთებულა არცერთი ელჩის მხრიდან, რომ უპრეცედენტოდ მშვიდი და დემოკრატიული ვითარებაა წინასაარჩევნოდ ქვეყანაში. იან კელი ამბობს, რომ ვისურვებდი ჩემს ქვეყანაში იყოს ასეთი გარემოო. ამაზე მეტი რა უნდა თქვას ადამიანმა იმისთვის, რომ ჩვენმა ოპონენტებმა დაიჯერონ ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად რომ არის შეცვლილი? ეს არის ხელისუფოლების და საზოგადოების ერთობლივი დამსახურება, რომ ჩვენს ქვეყანაში გვინდა სტაბილურობა, მშვიდობა და ეს არჩევნები სამაგალითოდ კარგად ჩატარდება. არის სამაგალითოდ კარგი ვითარება. მემგონი, ამერიკის ელჩის ამ განცხადებით ყველაფერია ნათქვამი. ასე რომ, ჩვენ ვემზადებით დამაჯერებელი გამარჯვებისთვის. საზოგადოების მხრიდან არის დიდი მხარდაჭერა და 8 ოქტომბერს ნამდვილად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა კობახიძემ.
მე ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ისეთი კარგი იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, როგორიც საქართველოშია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოში საარჩევნო კამპანია სამაგალითოდ მიმდინარეობს.
”მე მგონი, ყველა ხვდება არჩევნების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია გამოხატული იქნას ქართველი ხალხის ნება. შესაბამისად, რაც შემიძლია გითხრათ მიმდინარე კამპანიაზე, ეს არის ძალიან კარგი, სამაგალითო და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული. შეიძლება იყოს რამდენიმე ინციდენტი, თუმცა ამის შესახებ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ მთავრობასთან. მე ვისურვებდი, რომ არჩევნები და საარჩევნო კამპანია ასეთი კარგი იყოს ამერიკაშიც”, – განაცხადა იან კელიმ.