აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ორპარტიული მხარდაჭერა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

13/06/2019

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე და დღეს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორპარტიული თანამშრომლობის ჩათვლით, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის მანძილზე, ორმხრივი თანამშრომლობა გეოგრაფიულად და ეკონომიკურად გაღრმავდა და გაფართოვდა.

“საქართველოს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონისთვის. ორივე მოვლენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის ახალ სიმაღლეებზე აყვანის კუთხით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის აქტზე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ამერიკელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტები, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმი, მთავრობა კი არ იშურებს ძალისხმევას, რათა განახორციელოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ და სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნას უზრუნველყოფს. მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში პირდაპირი საერთაშორისო ფრენების მზარდ ტენდენციას და აღნიშნა, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე. სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა განათლების მასშტაბურ რეფორმაზე, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებას და სამომავლო ეკონომიკურ რეალობაში მათთვის წარმატების მეტი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

“ჩვენ ვისწრაფვით ოქროს სტანდარტის დამკვიდრებისკენ ბიზნესის კეთების სიმარტივის და იურიდიული ჩარჩოს გამჭვირვალობის სახით. საქართველო ჩამოყალიბდა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად დემოკრატიული მმართველობისა და სამართლის უზენაესობის პირობებში. საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი მონაწილე და წევრი. ჩვენი სურვილია საქართველოს ყველაზე ეფექტურად ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენი სტრატეგია გულისხმობს საქართველოს გადაქცევას საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკის, ტურიზმის, განათლებისა და ინოვაციების რეგიონულ ცენტრად. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული საკვანძო ეკონომიკურ სივრცეებთან. განსაკუთრებით მსიამოვნებს, რომ ველით ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ძალიან მახარებს საქართველოში მოქმედი ამერიკული კომპანიების გაზრდილი რაოდენობა. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ვაჭრობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ხელი შევუწყოთ ამერიკული კომპანიების გაზრდილ საქმიანობას სამყაროს ჩვენს ნაწილში, რაც ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრად მიიჩნევა”,- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, საქართველო ამ მიღწევით არ კმაყოფილდება.

“როდესაც ვფიქრობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე, ვხედავთ უფრო ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებულ არქიტექტურას ეფუძნება. ველით მეტ ამერიკულ კომპანიას საქართველოში, რომლებიც ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი გარემოთი და საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობით და ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ისარგებლებენ. საუბარია ქვეყანაზე, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი – სამხრეთს, ტრადიციები კი – ინოვაციებს. საქართველო ღიაა ბიზნესის კეთებისთვის და მიესალმება ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის უხვ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკა საქართველოში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტმა უმასპინძლა, საქართველოს საელჩოსა და “ჰერითიჯის ფონდისა” თანაორგანიზებით გაიმართა და მასში აშშ-ის პოლიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში თემატურ დისკუსიებში ჩაერთნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0