აშშ-საქართველოს პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის

20/07/2016

აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაციამ პენტაგონიდან სახელმწიფო დეპარტამენტში გადაინაცვლა.
მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რეგიონალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ სტატუსს. სახელმწიფო დეპარტამენტში განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაცია.
თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სთან გაფორმებული ახალი მემორანდუმის განხორციელების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულიად განსხვავებული ციკლი, რომელსაც ამერიკელებთან ვიწყებთ, რაც შეიძლება სწრაფად, დეტალურად გაიწეროს, რათა 2017 წლის დასაწყისიდან მისი განხორციელება შესაძლებელი გახდეს. დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ უფრო ფართო თემებზე ვისაუბრეთ. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებები. სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი, მისი მანდატი გაცილებით უფრო ფართოა. საუბარია ტერორიზმის, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ სტატუსზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ვარშავის სამიტის მონაპოვარით და ქართულ-ამერიკული თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი მემორანდუმით შეიარაღებულები ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დისკუსიების შემდეგ მოვახერხებთ, შემოდგომაზე უკვე გეგმები საბოლოოდ გაიწეროს და 1 იანვრიდან ახალი პროექტების განხორციელება დავიწყოთ“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0