აღსრულების ბიუროს ეზოში დაჭრილი ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა

18/07/2016

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები არ აღენიშნება, თუმცა ექიმი მოსალოდნელი გართულების შესაძლებლობაზე მიუთითებს. როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმმა ირინა ჯიქიამ განაცხადა, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები მარჯვენა მხრის არეში, მარცხნივ მუცლის არეში და მარცხენა მუხლის არეში.

”პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის საყურადღებო. მიმდინარეობს კვლევები დინამიკაში, რათა დადგინდეს, ან გამოირიცხოს რაიმე დაზიანება. ამ ეტაპზე პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები არ აღენიშნება, თუმცა მოსალოდნელი გართულება შეიძლება იყოს”, – აღნიშნა ჯიქიამ.

რაც შეეხება შემთხვევის შედეგად დაჭრილს მეორე პირს, რომელიც, არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილი ძალოვანი არჩილ მამაგეიშვილია, მას ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ცნობით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამივე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ერთ-ერთი დაჭრილი და მისი თანმხლები პირი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ)-ის ყოფილი თანამშრომლები არიან, ხოლო ერთ-ერთი პირი, რომელმაც პირველი გასროლა განახორციელა, 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილე იყო.

თვითმხილველის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ერთ-ერთ დაჭრილს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი, მეორეს კი, ორი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0