თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დღეიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება.
„აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება. კახა კალაძის ინფორმაციით, განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები თბილისის მერიის ვებგვერდს – www.tbilisi.gov.ge უნდა ეწვიონ. დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. მისი თქმით, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადიან, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.
„9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან. როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად, სწორედ ის მიმართულებები შევარჩიეთ, სადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდებოდა. პირველ რიგში, ახალი ავტობუსები სწორედ ამ მარშრუტებზე გავუშვით, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალება მოგვეცეს. N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ, 9 მარტიდან კი ავტობუსები გავლენ N314-ზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ახალი ავტობუსები 16 მარტიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი აპრილიდან ამოქმედდება. პირველი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები.
„კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებთან უფასოდ გააჩერონ ავტომანქანები, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ განთავსებულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ ავტომობილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დაასახელა მისამართები, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ მომსახურებას მიიღებენ. კერძოდ, პავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: წერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ); წერეთლის გამზირი N12ა-ს მიმდებარედ; წერეთლის გამზირი N116; წერეთლის გამზირი N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირის N140 (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10. მისი თქმით, პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე. დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქ. N8-ში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში კაპიტალურად გამაგრდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კახა კალაძემ პროექტის განხორციელებაში ჩართული გამგეობისა და კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
„აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გამაგრების პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. გასულ წელს საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდა, ასევე, ლითონის კუთხოვანებით შეივსო ფანჯრებისა და კარების ღიობები, ხოლო მიმდინარე წელს რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდა, რის შედეგადაც აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებს და შუშაბანდს. აღნიშნულ სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობს და პროექტის დასრულების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო მთაწმინდის რაიონის გამგეობას, მის თითოეულ თანამშრომელს, იმ კომპანიას, ვინც მონაწილეობას იღებდა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია და ამ პროცესს თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვიცი, რომ ქალაქში, მძიმე მდგომარეობაში არსებული ამგვარი ბევრი ძეგლი გვაქვს, თუმცა ეტაპობრივად მივუყვებით და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო, განახლების, მოწესრიგების სამუშაოებს ვახორციელებთ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ბათუმში, 7 მარტს, „აჭარაბეთ არენაზე“ ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას თავადაც მიიღებს.
„ბათუმში, 7 მარტს, 19:00 საათზე ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, სტადიონზე იხილოს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, თავის გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ და მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარს ესიამოვნება ამ ფეხბურთელების ნახვა, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ. „ინტერს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა მატჩის ორგანიზატორ Sport Orient-ის წარმომადგენლებს.
„დარწმუნებული ვარ, ამ მატჩით ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ. ზოგადად, სასიამოვნოა მსგავსი შეხვედრები ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, მომავალი თაობისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო Sport Orient-ს, ვინც ამ თამაშის ორგანიზატორია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.