ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ჩხაიძე, „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის TravelGIS-ის დამფუძნებელი სერგო ცირამუა, ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინო კეკელიძე, თამარ ექვთიმიშვილი (Discover Georgia), ა/ო „ტურიზმის და რეალობას“ დირექტორი ეკა დევიძე, ოპერატორი ლუკა ქირია. სტუმრები მიიღო მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი გელა ზოიძე, ტურიზმის განყოფილების გამგე ფირუზ გუჯაბიძე, მთავარი სპეციალისტი, ა/ს ორგანიზაციის ,,ტურიზმი და რეალობას“ კოორდინატორი დარეჯან ბურჭულაძე.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტ „აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ შესახებ, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით ახორციელებს ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი“
სტუმრებმა გამგებელს გააცნეს პროექტის მიზანი – უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, შესწავლა, დამუშავება. დამუშავებულ და მოძიებულ ინფორმაციას უსასყიდლოდ განვათავსებენ ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევში – მობილურ აპლიკაციაში TravelGIS და ვებ პორტალში www.travelgis.ge სამ ენაზე – ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
პროექტი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების კონსულტაციას, ტრეინინგებს და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას ტურიზმში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროექტში ჩართვა უფასო იქნება.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ პროექტის ორგანიზატორებს თანამშრომლობა და მხარდაჭერა აღუთქვა.
სტუმრებმა მოინახულეს ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი, სადაც მათ თან ახლდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე. ისინი გაეცნენ მწერლის ცხოვრებას, მოახდინეს ფოტოგრაფირება და ვიდეოგადაღება. ეზოში არსებულ გურულ სამზადისში შუა ცეცხლთან დააგემოვნეს „ბრინჯულა“, ხაჭაპური და სხვა გურული კერძები. აღფრთოვანებულები დარჩნენ მუზეუმის მდებარეობით, ბუნებით და მასპინძლობით. მადლობა გადაუხადეს ადგილობრივებს მასპინძლობისთვის და აღნიშნეს, რომ მოძიებული ინფორმაცია და ფოტოები განთავსდება ინტერნეტში, რათა ისინი შემდგომ ხელმისაწვდომი იყოს ტურისტებისთვის.
სტუმრებმა ასევე მოინახულეს კოოპერატივ „ჩიბათის“ ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში, გაეცნენ ჩაის წარმოების ტექნოლოგიას. კოოპერატივ „ჩიბათის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნეზალი სამხარაძემ შავი და მწვანე ჩაი გადასცა საჩუქრად.
გელა ზოიძის, საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორის თქმით, მისასალმებელია აღნიშნული პროექტის დაწყება და კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ პროექტში ჩაერთვება მათი სამსახურის ტურიზმის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი დარეჯან ბურჭულაძე, როგორც ა/ს ორგანიზაციის ,,ტურიზმი და რეალობას“ კოორდინატორი. პროექტი ხელს შეუწყობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას შიგა და გარე ტურიზმისთვის. ამასთან, განვითარდება მცირე მეწარმეობა, რომელიც გულისხმობს ტურისტებისთვის ხალხური რეწვის ნიმუშებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამზადებას.