აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილს მეტროს მუშაობა 24:00 საათიდან 1 მაისის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
მერიის ინფორმაციით, 1 და 2 მაისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
თბილისის მერია ავტობუსების გასვლის მარშრუტსაც ავრცელებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე – მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩა 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.
აღდგომის დღესასწაულზე თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
28/04/2016