პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბერგამოს უნივერსიტეტის პროფესორს, ტურიზმის სფეროს ექსპერტს, რობერტა გარიბალდის, ევროპის საბჭოს კულტურული მიმართულების “ვაზის გზების“ (Iter Vitis Les chemins de la Vigne) გენერალურ მენეჯერს ემანუელა პანკეს და იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მდივანს პალმიერო პერკონტის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას, იტალიასთან ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.
„საუბრისას შევთანხმდით ღვინის და სოფლის ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. აუცილებელია, მომავალში ჩვენი ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის უფრო ეფექტიანი ათვისება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ქართულ ბაზარზე მეტი იტალიური კომპანიის შემოსვლას. ვიმედოვნებ, დღევანდელი შეხვედრები, მნიშვნელოვანი ტურისტული პროექტების განხორციელების საფუძველი გახდება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ტოსკანას რეგიონში 29 იანვრიდან 1 თებერვლამდე იმყოფებოდა.