აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად და დიდხანს

27/04/2022

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი “ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილ პრეს-კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება, სლოგანით „დიდხანს სიცოცხლე ყველას“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
„ევროპის იმუნიზაციის კვირეულის“ მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მოსახლეობას, მედიას, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებს, პოლიტიკოსებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია იმუნიზაციის მნიშვნელობაზე. ზურაბ აზარაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რომ თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი.

„ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა COVID-19-ის პანდემიის დროს. აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად და დიდხანს, ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მინისტრმა.

„ევროპის იმუნიზაციის კვირეულს“ ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები. ასევე – მედიკოსები და დარგის ექსპერტები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიურო 2022 წლის 24 – 30 აპრილს ევროპის იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავს. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0