ასპინძაში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ჟოლოს ბაღი გაშენდა

21/04/2018

პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა მარიამ მეკოშკიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ასპინძაში 1ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ჟოლოს ახალი ბაღი დაათვალიერეს. იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრებმა ციური დათაშვილმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გააშენა.
ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. მან ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 9500 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, საიდანაც 7000 ლარი ნერგების, ხოლო 2500 ლარი – წვეთოვანი სისტემების შეძენას მოახმარა.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4 709 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 25 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 20 ჰექტარ მიწის ფართობზე, ჯამურმა თანადაფინანსებამ კი 108 500 ლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0