2016 წლის 1 ივლისს სრულად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს. აღნიშნულ საკითხზე, დღეს, ევროპის სახლში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგევლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
“საქართველოს ევროპული გზისთვის, მისი განვითარებისთვის როგორც კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე, სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის არსებობს ძალიან კარგი რეცეპტი – ეს არის ასოცირების შეთანხმება. ჩვენ ეს დოკუმენტი მივიღეთ და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც უკავშირდება სწორედ ამ ახალი სტანდარტების დამკვიდრებას და შემოტანას ჩვენს ეკონომიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ათწლეულების განმავლობაში ევროპული საზოგადოება ჩამოყალიბდა ყველაზე განვითარებულ, უსაფრთხოებასა და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებულ საზოგადოებად. ეს საკანონმდებლო ბაზა ჩვენთვის ხელმისაწვდომია ასოცირების შეთანხმების ფორმით, რომელსაც ჩვენ თანდათანობით ვნერგავთ და ვახორციელებთ საქართველოს კანონმდებლობაში. ამით ყოველდღიურ რეჟიმში გარდა იმ მიზნისა, რომელსაც ემსახურება ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ეს ემსახურება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მაღალი ხარისხის ინტეგრაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. რაც შეეხება სრულ ამოქმედებას, აქამდე მოქმედებდა ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტების კომპეტენციაში არსებული საკითხები. ახლა, სრულად ამოქმედების შემდგომ უკვე წევრი ქვეყნების კომპეტენციაში არსებული საკითხები სრულად ამოქმედდება. ეს ერთის მხრივ უკავშირდება უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მაგრამ, ასევე, ეს არის ორმხრივი საკითხები, რომლებიც კულტურას, განათლებას და სხვა საკითხებს ეხება.” – განაცხადა ევრპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი ამოქმედდა 2014 წლის პირველი სექტემბრიდან
ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
01/07/2016