საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავმჯდომარეობდა, საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ 2018 წლის ანგარიში განიხილეს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალი ხარისხი დადებითად შეაფასეს.
კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის, ასევე დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის მშენებლობის საერთო მიზნის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განიხილა საქართველოს „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ”, რომლის მიზანიცაა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება.
მხარეებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებლის უზრუნველსაყოფად ითანამშრომლონ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ოთხ ძირითად სფეროში – ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანი მმართველობა; ტრანსპორტი, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები; გაზრდილი მობილურობა და ხალხთა შორის კონტაქტები.
ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მთლიანობაში კონკურენტულ გარემოში, ასევე აღნიშნა მცირე ხარვეზები და ხაზი გაუსვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით, 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ასოცირების საბჭო მიესალმა კონსტიტუციის ახალი ვერსიის ძალაში შესვლას 2018 წლის დეკემბერში, რითაც დასრულდა საქართველოს გადასვლა სრულ საპარლამენტო სისტემაზე. ასოცირების საბჭომ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანამშრომლობისა და ღია დიალოგისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების, პლურალისტული დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.
ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი რეფორმების ჩატარებაში, ასევე აღნიშნა ზოგიერთი სფერო, სადაც აუცილებელია შემდგომი წინსვლა და მოუწოდა საქართველოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის განხორციელებისკენ და მართლმსაჯულების ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელებისკენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, სხვა ასპექტებთან ერთად, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვის და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომების მეშვეობით. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის განხორციელებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.
ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა სარგებლობს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით. საბჭო ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის მიმდინარე ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრისკენ და მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს ბრძოლა შენგენის ზონის ზოგიერთ ქვეყანაში საფუძვლის გარეშე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასთან. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ უკანონო მიგრაციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.
ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა და მოუწოდა მას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და გენდერული თანასწორობის დამკვიდრების გაგრძელებისკენ, მათ შორის ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაფართოების გზით. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა ერთგულება ზოგადსაკაცობრიო ადამიანის უფლებათა დაცვისადმი, რელიგიური მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობებისა და სხვათა მიუხედავად. ასოცირების საბჭომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას, რომელიც მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს და მოუწოდა საქართველოს შრომის ინსპექციის ეფექტიანი სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პირობების შემდგომი გაუმჯობესება.
მხარეები მიესალმნენ საქართველოს პროგრესს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით. 2018 წელს ევროკავშირი კვლავაც წარმოადგენდა საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს – 2018 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 2,76 მილიარდი ევრო. ევროკავშირმა შესთავაზა საქართველოს ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის მქონე კონკრეტული პროდუქტების იდენტიფიცირება, რის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება დახმარება. მხარეები მიესალმნენ სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვეს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას.
ასოცირების საბჭო მიესალმა 2018 წლის დეკემბერში საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების პირველი ნაკადის გამოყოფას და მოუწოდა საქართველოს დარჩენილი შეთანხმებული სტრატეგიული ზომების განხორციელებისკენ, რათა შესაძლებელი იყოს მეორე ნაკადის გამოყოფა. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს უკვე განხორციელებული რეფორმების მდგრადობის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ.
ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის და ტრანსპორტისა სფეროებში, ასევე ქვეყნის, როგორც რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან სატრანსპორტო დღის წესრიგზე და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის შემდგომ გაფართოებაზე. ასოცირების საბჭო მიესალმა 2019 წლის 29 იანვარს გამართულ ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის სატრანსპორტო დიალოგის პირველ რაუნდს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი სატრანსპორტო ქსელების და ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებისკენ.
ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპის პარტნიორის, საკვანძო როლი და აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობა ევროპის ბაზრებისთვის კასპიის ზღვის რეგიონის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდების საქმეში, კერძოდ სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის და შავი ზღვის მეშვეობით. ევროკავშირმა აღნიშნა მზადყოფნა, გააგრძელოს დახმარება საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საჯარო შენობებისთვის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის კუთხით. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოფლის მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო სექტორის აღდგენის მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავს სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების გზით უკეთესი საექსპორტო შესაძლებლობების შეთავაზებას. ასოცირების საბჭომ აღნიშნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა თბილისში პირველი ევროპული სკოლის წარმატებით ამოქმედებას, როგორც მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირის ურთიერთობებში აღმოსავლეთის პარტნიორებთან, ასევე აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა განათლების სფეროს რეფორმის კუთხით.
ევროკავშირმა აღნიშნა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საკუთარი, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის, როლის განმტკიცებისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას. ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის თემები, რომელიც გაიმართა 2018 წლის 23 ოქტომბერს. ევროკავშირმა მადლობა მოახსენა საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც ქვეყანას შეაქვს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის თაოსნობით განხორციელებულ კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს შესაბამისი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მეშვეობით.
ევროკავშირის დელეგაციამ, რომელსაც სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ ამ ერთგულების თვალსაჩინო მაგალითია სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება.
ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სასიცოცხლო მნიშვნელობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც მომდინარეობს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი “ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები” არსებითად მნიშვნელოვანია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ამ მხრივ, საბჭომ ხაზი გაუსვა გალის “ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის” უპირობო განახლების აუცილებლობას.
ასოცირების საბჭომ გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის ფედერაციას და საქართველოს რეგიონებს – აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების მიმდინარე განხორციელების გამო, ასევე რეგიონში რუსეთის მხრიდან სხვა უკანონო ქმედებების გამო, რომლებითაც ირღვევა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, მათ შორისაა – მზარდი მილიტარიზაცია, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა ადმინისტრაციული ხაზების გაყოლებაზე, „გადასასვლელი პუნქტების” დახურვა და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა. ასოცირების საბჭომ გამოხატა შეშფოთება საქართველოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სიტუაციის გაუარესების გამო და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქართველთა დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. ამ მხრივ, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიღწეული უნდა იყოს სამართლიანობა.
ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანასთან და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად ყველა დაბრკოლების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ასოცირების საბჭომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების საშუალება, მისიის მანდატის შესაბამისად. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებული ყველა პირის და ლტოლვილის შინ ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას.
ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა გამყოფი ხაზებს მიღმა მყოფ ადამიანთა შორის კონტაქტების მზარდი მხარდაჭერის და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას. ამ მხრივ, ასოცირების საბჭომ გამოხატა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” მხარდაჭერა.
ევროკავშირმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივ განზომილებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიმდინარე წელს პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების წარმატების უზრუნველყოფისთვის.