ასამბლეის ფარგლებში გვქონდა გამოსვლა და მონაწილეობა მივიღეთ დისკუსიებში, ასევე შევხვდით 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს ოთხი სხვადასხვა კონტინენტიდან

15/10/2022

„ძალიან ნაყოფიერი იყო პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეაზე. მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო და იმედი მაქვს, რომ შემდეგში, როცა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება მოხდება, მას მხარს დაუჭერენ ის ქვეყნები, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ. საპარლამენტო დიპლომატიის ამოცანაც სწორედ ის არის, რომ კოლეგები პირადი კონტაქტებითა და საუბრებით დავარწმუნოთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ მხარდაჭერას“, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეაზე საქართფელოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დელაგაციამ ასამბლეის ფარგლებში, არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით არაერთი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მისივე თქმით, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნების მზაობა ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ორმხრივ შეხვედრებზე დაადასტურეს.

„ასამბლეის ფარგლებში გვქონდა გამოსვლა, მივიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, ასევე შევხვდით 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს ოთხი სხვადასხვა კონტინენტიდან. მათ შორის, შევხვდით იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც დღემდე თავს იკავებენ გაერო-ში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა რეზოლუციის მხარდაჭერაზე. საუბარი გვქონდა, ერთი მხრივ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც ყველა ქვეყანამ დაგვიდასტურა და მეორე მხრივ, იმ რეზოლუციის მხარდაჭრაზე,რომელიც ეხება იძულებით გადადგილებულ პირებს. ყველა ქვეყანას, მიუხედავად მისი სიდიდისა, აქვს ის ერთი ხმა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია როგორც რუსეთის აგრესიის, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლში დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, რუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. საპარლამენტო ასამბლეას 120-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 60-მდე პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0