არ შეიძლება, ჩვენ, ქართველებმა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ, ვიკვებოთ პოლიტიკით

30/07/2016

ჩვენ გვინდა, დავამშვიდოთ საზოგადოება; არ შეიძლება, ჩვენ, ქართველებმა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ, ვიკვებოთ პოლიტიკით, არ შეიძლება, ყოველდღე ვუყუროთ ტელევიზიით, როგორ ილანძღებიან ადამიანები, როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუშეთის მოსახლეობას, რომელსაც თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.
პრემიერის თქმით, “ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, ეს ფურცელი უნდა გადავფურცლოთ და დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა”.
გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო პოლიტიკური რისკების დაზღვევის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, რათა საქართველოს მიეცეს გრძელვადიანი დაგეგმარებისა და მშვიდობიანი განვითარების საშუალება.
“ჩვენმა გუნდმა ბოლო ოთხი წლის გამავლობაში დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მშვიდობა ვაშენოთ საქართველოში. შეგვიძლია, ერთის მხრივ, ვიყოთ თანმიმდევრულები და დავუახლოვდეთ ევროპასა და დასავლეთს და მეორეს მხრივ, შევძელით, პრაგმატული ნაბიჯები გადაგვედგა, რომ მინიმუმ სამხედრო საფრთხე აგვეცილებინა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, რუსეთის ბაზრის საქართველოს წარმოებისთვის ხელახლა გასახსნელად. ამ ყველაფრის შედეგად მშვიდი და სტაბილური განვითარების პერსპექტივა შევქმენით საქართველოში. ახლა გვჭირდება სწრაფი ნაბიჯები, რათა ყველა თქვენგანმა იგრძნოს მეტი კეთილდღეობა საკუთარ ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი და მას აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა მთისა და მთიელების შესახებ და განაცხადა, რომ როდესაც საქართველოს უსაფრთხოებისა და ყოფნა-არყოფნის საკითხი დგებოდა, გადამწყვეტ სიტყვას, საქართველოსთვის ბრძოლაში ყოველთვის მთა ამბობდა.
“მთიელები საუკუნეების მანძილზე იდგნენ საქართველოს დამცველთა მოწინავე რიგებში და ყოველთვის ამბობდნენ გადამწყვეტ სიტყვას, დღეს – ბარის ჯერია, დღეს ჩვენ უნდა შევეხიდოთ მთას და ჩვენ უნდა დაგიდგეთ გვერდით, იმისთვის, რომ საქართველო გადავარჩინოთ. მთის გარეშე, საქართველოს განვითარება, საქართველოს ძლიერება და ქართველი კაცის ბუნების, მისი საუკეთესო თვისებების შენარჩუნება წარმოუდგენელია. ჩვენს წინ არის ვაჟას ძეგლი, რამდენიმე მეტრში არის დუშეთის სასამართლო, სადაც ილია ჭავჭავაძე მოსამართლედ მოღვაწეობდა. ეს არის წმინდა ადგილი და ჩვენ გვეამაყება, რომ ამდენ ანთებულ სახეს ვხედავთ დღეს. გქონდეთ ჩვენი იმედი”, – მიმართა პრემიერმა დუშეთის მოსახლეობას.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ყოფის გასაუმჯობესებლად ბევრი ნაბიჯი გადაიდგა.
“2011 წლის შემოდგომაზე, ბიძინა ივანიშვილმა, ქართველ ხალხთან ერთად, გადადგა გმირული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა საქართველოს ცხოვრებაში; მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამ გარდატეხის შედეგად, ქართველი კაცი თავისუფალია, მას აღარ ეშინია ხელისუფლების, აღარ არის ნაპრალი ჩვენ შორის და ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვნად განსხვავებული საარჩევნო კამპანია იმისგან, რასაც ქართველები ბოლო 25 წლის განმავლობაში შევეჩვიეთ. ეს არის უპრეცენდენტოდ მშვიდი და მშვიდობიანი კამპანია, ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი აზრი, არავინ არავის ერჩის და მთელი კამპანია, ცალკეული ძალიან მცირე ინციდენტების მიუხედავად, მშვიდად მიმდინარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი სასიცოცხლო პრობლემების მოგვარების მიმართულებით, როგორიც არის ჯანდაცვა და დღეს მკურნალობისთვის, მევახშისგან სესხის აღება ან სახლის დაგირავება საჭირო აღარ არის; ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობას, უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვთ ხელისუფლებისგან მცირე და საშუალო ფერმერებს და ხორციელდება არაერთი პროგრამა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არასოდეს, საქართველოს ისტორიაში ასეთი ყურადღება არ დათმობია ადგილობრივ წარმოებას, როგორც დღეს – პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას სთავაზობს მეწარმეებს და უკვე შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები.
“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყველა პრობლემა არ გადაგვიჭრია და რეგიონებში მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან უჭირს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღეს შევქმენით მყარი საფუძველი უმთავრესი სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტისა – ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, მთავარი გზების გაკეთება და უნდა გადავდგათ სწრაფი ნაბიჯები, რათა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კეთილდღეობა მივიდე ყველა თქვენგანის ოჯახში, რათა მოხდეს გარღვევა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა შევცვალოთ განათლების სისტემა, მაგრამ იმ პირობით, რომ საქართველოში პედაგოგს ჰქონდეს საკადრისი პატივისცემა. არ შეიძლება გაუთავებელი გამოცდებით, ტესტირებებით, ჩვენ ვანერვიულოთ და სიცოცხლე შევუმოკლოთ ჩვენს მასწავლებელთა კორპუსს. სწორედ ამ მსოფლმხედველობას ეფუძნება ჩვენი ახალი განათლების მინისტრის რეფორმების ხედვა. ჩვენ უნდა გადავამზადოთ მუდმივად ჩვენი მასწავლებელთა კორპუსი, მაგრამ ეს პროცესი დაფუძნებული უნდა იყოს მათი ღვაწლის პატივისცემაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ისაუბრა დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საკუთარი თუ მშობლების სახლის დაგირავების გარეშე მოიპოვონ საწყისი დაფინანსება, წამოიწყონ ბიზნესი და არჩინონ საკუთარი ოჯახები. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო მმართველობის რეფორმასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების გეგმას და აღნიშნა, რომ 2020 წლის ბოლომდე იგეგმება მთავარი სატრანზიტო გზების მშენებლობის დასრულება.
მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს პრემიერმა სტეფანწმინდისა და თიანეთის მოსახლეობასაც წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ იგეგმება მცხეთა-ვლადიკავკაზის ავტობანის ახალი პროექტის გაკეთება, რომელიც ძირეულ ცვლილებებს შეიტანს სტეფანწმინდის განვითარებაში და იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით.
“ჩვენ ვგეგმავთ, კობიდან გუდაურამდე, ჩრდილოეთის ფერდობი განვავითაროთ, რაც სტეფანწმინდას ზამთრის კურორტად აქცევს. ნებისმიერი საოჯახო სასტუმრო, რომელიც დღეს არის სტეფანწმინდაში, დაიტვირთება უკვე არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, არამედ ზამთრის პერიოდშიც, ვინაიდან აქედან დაინიშნება რეგულარული ტრანსპორტი კობის მიმართულებით, საიდანაც უკვე გუდაურის კურორტზე შესაძლებელი იქნება დასვენება და, რა თქმა უნდა, შემდეგ ისევ დაშვება და სტეფანწმინდაში ღამის გათევა. ეს არ არის აბსტრაქტული გეგმები, ეს არის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ გეგმების განხორციელება 2017 წელს დაიწყება.
პრემიერმა საგარეო პოლიტიკის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურდღება.
“სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, ეს ოთხი წელი ისე გავიარეთ, რომ ერთის მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორეს მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ შევძელით სამხედრო გართულებების საფრთხის თავიდან აცილება. ჩვენ მომავალში აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის მოსახლეობასაც წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, იგი აქტიური და წარმატებული დეპუტატია. “ის მთის კაცია და ყველაზე კარგად იცის რა გტკივათ და რა გიხარიათ”, – მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე, რომელთა წყალობით მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ყველა ოჯახში უნდა შევიდეს კეთილდღეობა.
“ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება და ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების გეგმა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0