არ მესმის, რატომ უნდა გადაიხადოს ეკონომიკის სამინისტრომ იჯარა შენობაში, რომელიც ისედაც მისი იყო

03/03/2016

ექსპერტ დემურ გიორხელიძეს არ ესმის, რატომ უნდა გადაიხადოს ეკონომიკის სამინისტრომ იჯარა შენობაში, რომელიც ისედაც მისი იყო. ასე ეხმაურება გიორხელიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ სამინისტრო ყოველთვიურად ქირას – 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადაიხდის

“ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო იმ შენობის გაყიდვა, რადგან მე ვერ ვხედავდი ალტერნატივას, სად უნდა წასულიყვნენ. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში სახელმწიფო ქონება საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფოს უპირველესი ორგანოები განთავსებული იყოს შენობებში, რომელშიც ქირა არ იქნება გადასახდელი. ირონიულად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ფანტასტიური კომერციული გარიგება, როცა ყიდი საკუთარ სახლს და მერე ამ სახლს ქირაობ საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ და მყიდველს აძლევ საშუალებას, რამდენიმე წელიწადში ამოიღოს თავისი ფული სრულყოფილად”, – განაცხადა გიორხელიძემ.

ექსპერტს არ ესმის, თუ რატომ უნდა გადაიხადოს სამინისტრომ თუნდაც 75 თეთრი არენდისთვის, როცა ის მფლობელი და განმკარგველია ყველა შენობის და ქონების, რაც სახელმწიფოს გააჩნია.

“ნუთუ არ შეიძლება ისეთი შენობის შერჩევა, სადაც გადასახდელი არაფერი იქნება?! ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ფულის არარაციონალური ხარჯვაა და მეორეც, როცა ამას საზოგადოება იგებს, ნეგატიური განწყობა მოყვება”, – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0